თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ქართულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, ვაჟა აზარაშვილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა, აღნიშნულია უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაში.
ჯილდო ვაჟა აზარაშვილს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პირადად გადასცა.
ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კომპოზიციის კლასი). ვაჟა აზარაშვილი, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, 1971 წლიდან არის კონსერვატორიის პედაგოგი. 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1997 – 2007 წლებში იყო კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
ვაჟა აზარაშვილს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, პრემია და პრიზი: საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ღირსების ორდენი, არის საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და სხვა.
ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მას შექმნილი აქვს სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, მიუზიკლი, საესტრადო ნაწარმოებები; მის კალამს ეკუთვნის: სიმფონია, 2 სავიოლინო კონცერტი, კონცერტი ვიოლონჩელოსათვის, კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის, 2 ოპერეტა, ვოკალურ–სიმფონიური პოემა, სხვა ინსტრუმენტული, კამერული ნაწარმოებები.
ვაჟა აზარაშვილი ნაყოფიერად მოღვაწეობს საესტრადო ჟანრში. შექმნილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის; მისი სიმღერები დიდი პოპულარობით სარგებლობს: „თბილისური ლირიკული“, „სიმღერა თბილისზე“, „სიმღერა მეტეხზე“, „მუსიკა“, „დღეები მიდიან“, „პატარა გოგო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დინამო, დინამო“ და სხვა.