ქართველი მწერალი საუკეთესო ქალ–ავტორთა სიაში შევიდა

გამოწერა
ნიუ–იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ვერსიით, ქართველი მწერლის, ანა კორძაია–სამადაშვილის მოთხრობების კრებული „მე, მარგარიტა“ ქალ–ავტორთა ნაწარმოებებს შორის ერთ–ერთი საუკეთესოა.

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ქართველი მწერლისა და ჟურნალისტის, ანა კორძაია–სამადაშვილის წიგნი მსოფლიოს ქალი–ავტორების საუკეთესო ნამუშევრების სიაში შევიდა – რეიტინგი ნიუ–იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ შეადგინა.

სხვადასხვა ეპოქისა და ხალხების ყველაზე საინტერესო მწერალი ქალების სია ქალთა საერთაშორისო დღისთვის შეიქმნა ასეთი ფორმულირებით „ამ ავტორების წიგნებთან ერთად შეიძლება აღნიშნო როგორც 8 მარტი, ისე წლის ყველა, 365 დღე“.

სიაში შევიდა პლანეტის 365 ცნობილი ლიტერატორი. მათ შორის – ანა ახმატოვა, სვეტლანა ალექსიევიჩი, ელფრიდა ელინეკი, სილვია პლატი, მარგარეტ ეტვუდი, ჯეინ ოსტინი, შარლოტა და ემილია ბრონტე, ჯორჯ ელიოტი, მელისა ფლემინგი და სხვა.

ანა კორძაია–სამადაშვილს მოთხრობების კრებულით „მე, მარგარიტა“ სიაში 173–ე ადგილი ერგო.

„ესაა მოკლე ისტორიები მამაკაცებსა და ქალებზე, სიყვარულსა და სიძულვილზე, სექსსა და იმედგაცრუებაზე, ცინიზმსა და იმედზე. შესაძლოა, მათი უნიკალურობა ისაა, რომ არცერთ ისტორიაში არაა მითითებული დრო და ადგილი: სამყარო ხომ ძალზე პატარაა, რომ ამას მნიშვნელობა მიენიჭოს“, – აღნიშნულია ქართველი მწერლის წიგნის შესახებ ბიბლიოთეკის ვებ–გვერდზე.

ლევან ბრეგაძე - პრემია საბას მფლობელი - Sputnik საქართველო
გამოცხადდა ქართული ლიტერატურული პრემიის „საბა 2017“ ლონგ-ლისტი

ასევე აღინიშნება, რომ წიგნი სავსეა იუმორითა და ცხოვრების უარყოფითი მხარეებისა და ნაწარმოებების გმირებს შორის ურთიერთობების რეალური აღწერით.

წიგნი „მე, მარგარიტა“ 2005 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. გამოცემა ინგლისურად 2015 წელს ვიქტორია ფილდმა და ნატალი ბუკია–პეტერსმა თარგმნეს.

წიგნი, ინგლისურის გარდა, ასევე თარგმნილია გერმანულ და შვედურ ენებზე.

ანა კორძაია–სამადაშვილი მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია („ბერიკაობა“, „შუშანიკის შვილები“, „ვინ მოკლა ჩაიკა“, „ქურდების მბრძანებელი“). დაიბადა 1968 წელს თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ბოლო 15 წლის განმავლობაში კორძაია–სამადაშვილი მუშაობდა ქართულ გამოცემებში რედაქტორად, ასევე კორესპონდენტად ქართულ და უცხოურ მასმედიაში.

ანა კორძაია–სამადაშვილი პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემია „საბას“ორჯერ გამარჯვებულია (2003, 2005). 1999 წელს ნობელის პრემიის ლაურეატის, ავსტრიელი მწერლის, ელფრიდა ელინეკის რომანის „საყვარლები“ საუკეთესო თარგმანისთვის გოეთეს ინსტიტუტის პრემია მიენიჭა. 

ნიუ–იორკის საჯარო ბიბლიოთეკა 1895 წელს დაარსდა და მსოფლიოს უმსხვილესი ბიბლიოთეკების ქსელს წარმოადგენს. მის არქივებში შენახულია 50 მილიონზე მეტი ბეჭდური და ელექტრონული წიგნი, ასევე აუდიოჩანაწერები, რუკები და სხვა. ბიბლიოთეკა ყოველწიურად დაახლოებით 17 მილიონ მკითხველს ემსახურება და ჰყავს მილიონიანი ონლაინ–აუდიტორია.


ყველა ახალი ამბავი
0