თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წინადადებით გამოვიდა, თბილისის ერთ–ერთ ქუჩას ამერიკელი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ბობ უოლში სახელი ეწოდოს, ნათქვამია მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბობ უოლში პირველი ამერიკელი ბიზნესმენი იყო, რომელიც XX საუკუნის 80–იან წლებში საქართველოს პოტენციალით დაინტერესდა.
„ეს იყო პირველი ყინულის გატეხა, რომელსაც ჰქონდა შემდგომი განვითარებისთვის გზამკვლევის ფუნქცია. ამიტომ არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ბობ უოლშის მეგობრობა საქართველოსთვის და ამიტომ არის განსაკუთრებული ის საქმე, რომელიც მან საქართველოსთვის გააკეთა. მან გამოიყენა მთელი თავისი რესურსი, ის იყო პიონერი, რომელიც ჩამოვიდა აქ საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში. ბობმა გზამკვლევის როლი ითამაშა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელთაც სურდათ საქართველოსთან ურთიერთობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ბიზნესმენის ხსოვნის საღამოზე თბილისში.
ბობ უოლში – ამერიკელი ბიზნესმენი, საქართველოს საპატიო მოქალაქე, კეთილი ნების თამაშების ორგანიზატორი. საქართველოს პირველად 1986 წელს ეწვია და ამის შემდეგ ქვეყანას ყოველგვარ დახმარებას უწევდა, მათ შორის პირველი ი ნვესტიციების მოზიდვის საქმეში. გარდაიცვალა 2017 წლის 30 იანვარს.