თბილისი, 10 მარტი — Sputnik. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს ოდესაში თეიმურაზ ნიშნიანიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მითვისების ფაქტზე ბრალი წაუყენა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ბრალდება ნიშნიანიძეს მაშინ წაუყენეს, როდესაც იგი საკუთარი ავტომობილით ოდესიდან კიევში მიემგზავრებოდა. უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქმე ეხება 2012–2013 წლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირებისთვის დღგ-ის არაკანონიერ ანაზღაურებას.
„ღამის ორ საათზე საპატრულო სამსახურმა თითქოსდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამაჩერა. მას შემდეგ, რაც მე გავჩერდი და გადმოვედი მანქანიდან, უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ სპეცოპერაციის სტილში გადაკეტეს გზა და განმიცხადეს, რომ ჩემ მიმართ წაყენებულია ბრალდება გენერალურ კონსულად მუშაობის პერიოდში ჩემთვის უცნობ საქმეზე, რომელსაც რვა თვის განმავლობაში ჩუმად და ფარულად იძიებენ. ჩემთვის უცნობია საქმის მასალები, თუ ისინი არსებობს“, — განაცხადა ნიშნიანიძემ ინტერვიუში.
2016 წლის მაისში სამართალდამცველებმა ოდესაში, ნიშნიანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, იუწყება უკრაინული მასმედია. ამასთან ერთად ჩხრეკა ოდესის საოლქო ადმინისტრაციაშიც ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელი მაშინ მიხეილ სააკაშვილი იყო.
სასამართლოს სხდომა 10 მარტს არის ჩანიშნული. პროკურატურა ნიშნიანიძისთვის წინასწარ პატიმრობას ან 10 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს მოითხოვს, წერს საკუთარ Facebook–გვერდზე პარტია „მარჯვენა სექტორის“ ყოფილი წევრი სერგეი სტერნენკო.
2016 წლის მარტში ნიშნიანიძის მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც საქველმოქმედო ფონდის На Благо Одессы სახსრების გაფლანგვას ეხება.
თეიმურაზ ნიშნიანიძე უკრაინაში 2007 წლიდან დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა. თავდაპირველად უკრაინაში საქართველოს საელჩოს ცენტრალური აპარატის ატაშე იყო. 2008 წელს დონეცკში გენერალურ კონსულად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან 2011 წლამდე იმუშავა.
2011 წელს ნიშნიანიძე ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული გახდა, სადაც 2013 წლამდე იმუშავა.
2015 წელს, როდესაც ოდესის ოლქის ხელმძღვანელად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა, თეიმურაზ ნიშნიანიძე მისი შტატგარეშე მრჩეველი და საქველმოქმედო ფონდის На Благо Одессы ხელმძღვანელი გახდა.