თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობისთვის უკრაინელმა უფლებადამცველმა ოლეგ კურჩინმა გენერალურ პროკურატურაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Сегодня.ua-ზე დაყრდნობით.
„ის თვლის, რომ სააკაშვილმა თავის საჯარო გამოსვლაში ოდესის ოლქზე, რომელსაც ის წელიწადნახევარი ხელმძღვანელობდა, შეურაცხმყოფელ ინტონაციაში ისაუბრა“, — ნათქვამია განცხადებაში.
მაგალითის სახით სააკაშვილის გამონათქვამია მოყვანილი: „რა თქმა უნდა, ისინი ყველანი ხელს გვიშლიდნენ და, ვიცი, რომ ხელს შეგვიშლიან… ვინაიდან ეს სეპარატისტული რეგიონია, სადაც მმართველობაში ყველანი სეპარატისტები არიან“.
„ეროვნული სიძულვილის წაქეზება, ანუ სააკაშვილის ქმედებები საქმეს იქამდე მიიყვანს, რომ ოდესის, კიევის, დონეცკის, ლუგანსკის ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ განეწყობა“, — აცხადებს უფლებადამცველი.
სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 2015 წლის 30 მაისს დაიკავა. მისი დანიშვნის ინიციატივა პოროშენკოს ეკუთვნოდა, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ სააკაშვილზე დიდ იმედებს ამყარებს, მათ შორის, რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კორუფციასთან ბრძოლის სურვილის არარსებობის გამო 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მან პოროშენკო ასევე რეგიონში დანაშაულებრივი „კლანების“ მფარველობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით პრეზიდენტმა სააკაშვილის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. ექს–გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინაში თავისი პოლიტიკური ძალის შექმნას და რადაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიღწევას აპირებს.