ნატალია ეფიმენკო: Ты супер!-ის კონკურსანტ ბავშვებს სათქმელი აქვთ

© photo: Sputnikნატალია ეფიმენკო
ნატალია ეფიმენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის Ты супер! მთავარი მუსიკალური პედაგოგი ნატალია ეფიმენკო დარწმუნებულია, რომ მისი პრობლემები ახლოსაც ვერ მივა იმ სირთულეებთან, რომელთა გადალახვაც პროექტის ყმაწვილ მონაწილეებს უხდებოდათ.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. შაბათს, 11 მარტს რუსეთის ტელეარხ НТВ-სა და Sputnik-ის პორტალებზე საერთაშორისო საბავშვო კონკურსის Ты супер! მორიგი გამოშვება იქნება ნაჩვენები. პროექტის მთავარი მუსიკალური პედაგოგი ნატალია ეფიმენკო გვიამბობს, როგორ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რა სირთულეების გადალახვა უწევთ კონკურსანტებს და რატომ ეკრძალებათ მათ დისკოთეკები და აუზში ცურვა.

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. პროექტში 92 ვოკალისტი მონაწილეობს რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

„ამ პროექტზე კასტინგის ჩასატარებლად მომიწვიეს — ბავშვების მუსიკალურ უნარსა და შემოქმედებით ნიჭს ვამოწმებდი. ყველას გვესმის, რომ ეს ბავშვები მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ, რომ მათ არ ჰქონდათ მუსიკალურ სკოლებსა თუ სტუდიებში სწავლის საშუალება. ეს იშვიათი ბავშვები არიან, რომელთა შერჩევისას ვითვალისწინებდით, რამდენად სასარგებლო ვიქნებოდით მათთვის და რის გაკეთებას შევძლებდით მათი განვითარებისთვის. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს ხელჩასაჭიდი სმენა, ტემბრი და, ბუნებრივია, ქარიზმაც, რათა ჩვეულებრივი მონაწილისგან არტისტი შექმნა. და, აი, ორი თვის განმავლობაში სწორედ ამით ვართ დაკავებულები“, – ამბობს ნატალია ეფიმენკო.

მისი თქმით, ყოფილა შემთხვევაც, როდესაც კონკურსის მონაწილეს ნერვიულობის გამო თავი მაშინვე ვერ წარმოუჩენია, მაგრამ პედაგოგის გამოცდილ თვალს უშეცდომოდ განუსაზღვრია, ჰქონდა თუ არა კონკურსანტს ნიჭი.

„ჩემთვის საკმარისია, რომ ადამიანი გაღებულ კარში შემოვიდეს, რომ მაშინვე შევატყო, არის თუ არა მასში პოტენციალი. ყველაფერი სიარულის მანერიდან, მზერიდან იწყება. ამიტომ თუ ვხედავდით, რომ ადამიანს გახსნა უჭირდა, მეორე შანსს ვაძლევდით. კასტინგს Skype-ით ვატარებდით და პრეტენდენტებს რამდენჯერმე ვუკავშირდებოდით — მანამ, სანამ არ მივხვდებოდით, რომ ეს სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც პროექტში უნდა ჩართულიყო; ან, პირიქით, სანამ იმედები არ გაგვიცრუვდებოდა. ამ შემთხვევაში ბავშვს ვეუბნებოდით: „მოდი, განვითარდი და, შესაძლოა, შემდეგ სეზონზე აგიყვანოთ“, — იხსენებს ეფიმენკო.

პედაგოგის თქმით, ენობრივი პრობლემები ბავშვებს მხოლოდ პროექტის დასაწყისში ჰქონდათ, ისიც მხოლოდ აზერბაიჯანელ, სომეხ და მოლდოველ მონაწილეებს. დანარჩენები რუსულად კარგად საუბრობენ.

ლაშა სოზაშვილი - Sputnik საქართველო
მომღერალი ლაშა სოზაშვილი შოუ Ты супер!-ის შემდეგ ტურში გავიდა

„ბავშვებმა თავიდან რუსული არ იცოდნენ, მაგრამ ახლა უკვე ესმით, რასაც ველაპარაკებით და თავადაც ცდილობენ საუბარს… ჩვენ შესანიშნავად გვესმის ერთმანეთისა. მუსიკის სამყაროში ბევრი ლაპარაკი საჭირო არც არის, მუსიკა ამას თავად აკეთებს“, — დარწმუნებულია ეფიმენკო.

მან გაიხსენა, რომ როდესაც პროექტი დაიწყო, ბავშვებს მეტოქეობის ჟინი პრაქტიკულად არ ჰქონდათ, ერთმანეთის წარმატებები უხაროდათ. გამარჯვების სურვილმა მხოლოდ მას შემდეგ გაიღვიძა, რაც რამდენიმე ბავშვი პროექტს გამოეთიშა.

„ეს ნორმალურია, ეს შემოქმედებითი მეტოქეობაა, რასაც თავისი ნაყოფიც მოაქვს“, — ამბობს ნატალია ეფიმენკო.

პედაგოგი გვარწმუნებს, რომ პროექტში ფავორიტები არ ჰყავს, რომ ყველას ინდივიდუალურად უდგება და თითოეულის ნიჭის გახსნას ცდილობს.

„თავიდან ჩვენ მხოლოდ ვმღეროდით, ახლა კი არტისტულ უნარებსა და ქორეოგრაფიას ვხვეწთ… ფავორიტი ვერ მეყოლება, იმიტომ რომ თითოეული მიმყავს სასურველ დონემდე“, — ამბობს ეფიმენკო და იქვე ამატებს, რომ თავადაც სწავლობს ბავშვებისგან. 

„კონკურსის მონაწილეები რომ ვნახე, მივხვდი, რომ ჩემი პრობლემები არაფერია იმასთან შედარებით, რისი გადატანაც ამ ბავშვებს მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, მათ ჩემზე ბევრი რამ ნახეს, ზოგმა კი იმდენი, რამდენსაც 50-60 წლის ადამიანი ნახავდა… მერწმუნეთ, ამ ბავშვებს ბევრი რამ აქვთ სათქმელი“, — აღნიშნა ნატალია ეფიმენკომ.

ბავშვთა ვოკალური შოუ Ты супер! - Sputnik საქართველო
ვარსკვლავები ბავშვების შესახებ კონკურსზე Ты супер!: ეს ნამდვილად გამაოგნებელია

კონკურსის Ты супер! მონაწილეები სხვადასხვა ასაკისანი არიან. ყველაზე რთული იმ მოზარდებთან მუშაობაა, რომლებიც ამჟამად პროტესტის ეტაპს გადიან. მათთან ბევრი მუშაობაა საჭირო. „მე ცუდი ვარ, მე არ გამომდის, მე არ ვუყვარვარ“, — ამბობენ ისინი.

„ვუხსნით, რომ ჩვენც გვიყვარს და, უპირველესად, ღმერთსაც, რომ ასე არ უნდა იფიქრონ. სარკეში ვახედებთ და ვეუბნებით: ნახე, რა ლამაზი ხარ! ნახე, რა ბედნიერი ხარ! ვინ შთაგაგონა, რომ ცუდი გარეგნობა და ცუდი ხმა გაქვს?“ — გვიამბობს ნატალია ეფიმენკო.

პედაგოგის თქმით, ბავშვებს ეკრძალებათ აუზში ცურვა და, პრაქტიკულად, არ მართავენ დისკოთეკებს.

„ავხსნი, რატომაც: ამჟამად ბევრი ეპიდემიაა, რაც ჩვენ აბსოლუტურად არ გვჭირდება. ისინი ხომ… იოგებითა და ყელით მუშაობენ… ჩვენთან ფონოგრამა არ არის, მხოლოდ ცოცხალი ხმაა და თუ მონაწილეს ხმა წაუვა, გამოსვლა ჩაიშლება… იგივე ეხება აუზსაც — იქ ხომ ქლორია“, — განმარტა ეფიმენკომ.

ამიტომ, როგორც პროექტის მთავარი მუსიკალური პედაგოგი ანიშნავს, დისკოთეკის მოწყობის ნაცვლად არტისტებს იწვევენ და კონცერტებს მართავენ, თან ბავშვებს ესაუბრებიან და უყვებიან, რით დაიწყეს და რას მიაღწიეს.

კონკურსის შესარჩევი ტურის გაგრძელებას მაყურებელი შაბათს, 11 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე ნახავს ტელეარხ НТВ-სა და Sputnik-საქართველოს პორტალზე.

თვალი მიადევნეთ ლაშა სოზაშვილისა და ნანა ვარძელაშვილის წარმატებებსა და გამარჯვებებს. მიეცით ხმა თქვენი ქვეყნის საყვარელ მონაწილეებს Sputnik-საქართველოს პორტალზე. ონლაინ–კენჭისყრის გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ, იმღერონ Sputnik-ის რადიოზე და პროექტში გატარებულ დღეებზე ისაუბრონ.

ყველა ახალი ამბავი
0