თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზის გახსნა გაიმართა, რომელიც ფონდმა „ქართუმ" ბათუმის მერიას გადასცა, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.
ახალი ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სტანდარტული ზომების ორ სარაგბო მოედანს აერთიანებს. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედანი — 5000 მაყურებელზეა გათვლილი. არსებობს მესამე ქვიშის მოედანიც, რომელიც ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის იქნება გამოყენებული.
გარდა ამისა, ბაზა ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი, რომელშიც შედის დამხმარე სათავსოები, ავტოსადგომი და სხვა საჭირო ობიექტები. კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
სარაგბო ბაზის სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და მათმა მთლიანმა ღირებულებამ 7,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხის თითქმის ნახევარი ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო.
რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" უკვე განახორციელა 11 პროექტი და კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს" მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს.