თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორ სეტში ყაზახეთის წარმომადგენელს ალექსანდრ ბუბლიკს ანგარიშით 6:3, 7:6 მოუგო და ინდიან–უელსის „მასტერსის“ სერიის АТР-ის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა, ნათქვამია შეჯიბრების ოფიციალურ გვერდზე.
პირველ პარტიაში 19 წლის ბუბლიკმა ბასილაშვილისგან მშვენიერი „საჩუქარი“ — მეტოქის ჩაწოდება მიიღო. თუმცა, ამ ხელგაშლილობით ვერ ისარგებლა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორჯერ დამაჯერებელი ბრეიკი გააკეთა და მიღწეული უპირატესობა სეტის მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
მეორე პარტია ძალიან არეულად დაიწყო. პირველი ხუთი გეიმის განმავლობაში მეტოქეებმა ოთხი ჩაწოდების გაცვლა მოახერხეს. ამის შემდეგ რისკი პრაქტიკულობით შეიცვალა, და ჩოგბურთელები თავის ჩაწოდებას იღებდნენ ტაი–ბრეიკამდე, რომელშიც ქართველი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ბასილაშვილის პირველი მეტოქე, რომელიც ამჟამად АТР–ის მსოფლიო რეიტინგის 55–ე ადგილს იკავებს, გახდება ბარბადოსელი დარიან კინგი (მსოფლიოს 131–ე ჩოგანი), რომელიც ტურნირის ბადეში ასევე საკვალიფიკაციო რაუნდიდან არის მოხვედრილი.
ამ წყვილის გამარჯვებული ფინალის 1/32–ში მსოფლიოს 11–ე ჩოგანს ფრანგ გაელ მონფისს შეხვდება.
ინდიან-უელსის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი დაახლოებით 7 მლნ აშშ დოლარია, 19 მარტამდე გაგრძელდება.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელიც ინდიან-უელსში ზედიზედ ბოლო სამი წელია იმარჯვებს.