თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიელი მეთიუ ებდენი ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:2 დაამარცხა და ინდიან-უელსის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადავიდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ქართველი ჩოგბურთელი თავიდანვე მიიჩნეოდა შეხვედრის ფავორიტად, ის კვალიფიკაციაში პირველ ნომრადაა განთესილი. ეს ყველაფერი მატჩის მსვლელობისას დადასტურდა.
მეთიუ ებდენმა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო ბასილაშვილის ჩაწოდების აღება, თუმცა იმავდროულად ორჯერ განიცადა მარცხი საკუთარი ჩაწოდებებისას.
მეორე პარტიაში კი ქართველ სპორტსმენს საერთოდ არანაირი პრობლემა არ შექმნია და საერთო ჯამში შეხვედრაზე ერთი საათი და 11 წუთი დახარჯა.
შემდგომ რაუნდში ბასილაშვილი ერნესტ გულბისისა (ლატვია) და ალექსანდრ ბუბლიკის (ყაზახეთი) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
ინდიან-უელსის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი დაახლოებით 7 მლნ დოლარია, 19 მარტამდე გაგრძელდება.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელიც ინდიან-უელსში ზედიზედ ბოლო სამი წელია იმარჯვებს.