თბილისი, 7 მარტი — Sputnik. თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა, რომლის ლოზუნგია „გაძლიერება, გამხნევება და განათლება“.
კონფერენციაში მონაწილეობას 300–ზე მეტი ქალი იღებს, რომლებიც საქართველოს ჩათვლით 19 ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობენ. კონფერენცია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დიდი ძალაა, რომ მის რიგებში მამაკაცებთან ერთად პროფესიონალი პოლიციელი ქალბატონები არიან. ეს დასავლური სტანდარტია, რომელსაც ვუფრთხილდებით და რომლითაც ვამაყობთ… იყო ქალი-პოლიციელი დიდი გამოწვევაა. ამ სახიფათო და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში ეს ქალბატონები მამაკაცების გვერდით დგანან და მოქალაქეთა უსაფრთხოებას იცავენ, და ასევე მზად არიან ამ მისიისათვის თავიც კი შესწირონ“, — განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციის ინსპექტორის — მაია ჯავახიშვილის ხსოვნას, რომელიც პოლიციის კაპიტან გელა ლამაზოშვილთან ერთად, თელავის პოლიციის განყოფილების წინ, 2015 წლის 30 დეკემბერს მოკლეს.
საქართველოში კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ ქალი-პოლიციელები აშშ–დან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქეთიდან, ლიტვიდან, მონტენეგროდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ტარდება. წელს პირველად ვიღებ მონაწილეობას კონფერენციაში, რომელშიც სხვა სახელმწიფოების და ჩვენი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას ვუზიარებთ და ძალიან კმაყოფილი ვართ. ვფიქრობ, მათი პრაქტიკიდან ბევრ მნიშვნელოვან რამეს ავითვისებ და მომავალში გავითვალისწინებ“, — განაცხადა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის კაპიტანმა ნინო ბარამაშვილმა.
ღონისძიება საქართველოში აშშ–ის საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით მეექვსედ ტარდება.
„ეს კონფერენცია აშშ–ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით უკვე მეექვსედ ტარდება. რა თქმა უნდა, მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ მასში. კონფერენციას ორი ძირითადი მიზანი გააჩნია — ქალთა გაძლიერების პროცესის ხელშეწყობა და მეორე: პოლიცია — სახელმწიფოს ნაწილია, შესაბამისად, იქ გენდერული ბალანსი უნდა იყოს ასახული. კონფერენცია ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის ძალიან კარგ მოდელს წარმოადგენს. ამიტომ ჩამოვიდნენ საქართველოში როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე აზიის ქვეყნების წარმომადგენლები“, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ–ის ელჩმა იან კელიმ.
კონფერენციის ფარგლებში პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გათვალისწინებულია პრაქტიკული სავარჯიშოების ჩატარება.