თბილისი, 7 მარტი — Sputnik. რუსთავში საკუთარ ბინაში 85 წლის ქალი მხუთავი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ასაკოვანი ქალი სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის მიზეზად წყლის გამაცხელებლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სახლში ინციდენტის დროს ქალის 60 წლის შვილი იმყოფებოდა. ის ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240 პრიმა მუხლით („ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა), რაც ისჯება ჯარიმით, სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების ორ წლამდე ვადით.
ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსთავში ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა. გასულ კვირას ბუნებრივი აირით მოწამლვის შედეგად ახალგაზრდა წყვილი გარდაიცვალა, ორშაბათს კი ასაკოვანი ქალი და მისი 12 წლის შვილიშვილი.
პირველი არხის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან რუსთავში მხუთავი აირით ინტოქსიკაციის 119 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ხუთი ფატალურად დასრულდა.