თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საფრანგეთის ახალგაზრდა პიანისტთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე Piano Campus ქართველმა პიანისტმა ანა ყიფიანმა ექვსი მთავარი ჯილდო, მათ შორის, კონკურსის ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.
კონკურსი საფრანგეთის ქალაქ სერჟ–პონტუაზში 5 მარტს ჩატარდა. ღონისძიება, რომელშიც 16-დან 25 წლამდე ასაკის მუსიკოსები მონაწილეობენ, 2002 წლიდან ტარდება და ახალგაზრდა პიანისტებს საფრანგეთსა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში კარიერის დაწყებაში ეხმარება.
კონკურსანტებმა შეასრულეს რობერტ შუმანის „კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის ლა მინორი, op. 54“-ის პირველი ნაწილი. ფინალისტთა შესრულებას კომპეტენტური ჟიური და დარბაზის აუდიტორია აფასებდა.
ანა ყიფიანი კონკურსის Piano Campus სამ ფინალისტს შორის აღმოჩნდა. Piano Campus-ის ოქრო ჩინელ პიანისტ ჰინ–იატ ცანგს (Hin-Yat Tsang) ერგო, მესამე ადგილი კი რუმინელმა კადმელ ბოტაკმა (Cadmiel Botac) დაიკავა.
ქართველი პიანისტი კონკურსზე არსებული ათი პრიზიდან ხუთი პრიზის მფლობელი გახდა. მათ შორის არის აუდიტორიის პრიზი, პრემია SACEM, „95 თეატრის პრიზი“ და ვიურტის მუზეუმის პრიზი.
ანა ყიფიანი პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტია. გოგონა ცნობილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის ელისო ვირსალაძის კლასში სწავლობს.
ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელია და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორებიცაა ვლადიმირ კრაინევის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი და მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი.
ქართველი პიანისტი უკვე გამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ არენაზე, მათ შორის, ამსტერდამის სამეფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიდერლანდებში. ყიფიანმა ასევე დაუკრა ლიტვაში ვილნიუსის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით.
კონკურსის Piano Campus ორგანიზატორი და არტ–დირექტორია პასკალ ესკანდი — მუსიკოსი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი, ჟიურის წევრი და ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი.