წიგნი, როგორც სამკაული – ხელოვანი ოჯახის საუცხოო ნამუშევრები

© FB/ Nino G. Accessoriesნინო გარაყანიძის მინიატურული წიგნები
ნინო გარაყანიძის მინიატურული წიგნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვისაც კითხვა უყვარს და აქვს სურვილი საყვარელი ავტორის წიგნი ყოველთვის თან ატაროს, მათთვის ნინო გარაყანიძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად განსხვავებულ და ორიგინალურ სამკაულს და აქსესუარებს ქმნის. მათ მიერ, წიგნის თემაზე შექმნილი სამკაულები განსაკუთრებულ მოწონებას და აღფრთოვანებას იწვევს მნახველში.
© FB/ Nino G. Accessoriesნინო გარაყანიძე
ნინო გარაყანიძე - Sputnik საქართველო
ნინო გარაყანიძე

–პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ბავშვობაში მიტაცებდა ხელნაკეთი ნივთების შექმნა. დედა იხსენებს ხოლმე, ბაღში როცა ბავშვებს აძინებდნენ, თურმე მე არ ვიძინებდი, მასწავლებლის გვერდით ვიჯექი და ვქსოვდი. ვაგროვებდი ფოთლებს, ყვავილებს, გამოუსადეგარ ნივთებს, დამტვრეულ ჭურჭელს და ამით ვქმნიდი კომპოზიციებს. როცა დავოჯახდი და უკვე შვილები მყავდა, იმდენი დრო აღარ მრჩებოდა ეს საქმიანობა გამეგრძელებინა. როცა ბავშვები წამოიზარდნენ მათაც აღმოაჩნდათ ეს ნიჭი. ორივე არაჩვეულებრივად ძერწავს. ერთხელ თამაშის დროს გამოძერწეს პატარა მინიატურული წიგნი. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვეწონა. იმ პერიოდში გამომცემლობაში ვმუშაობდით და გადავწყვიტეთ წიგნების თემაზე შეგვექმნა აქსესუარები და სამკაული. ასე დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა დაახლებით ოთხი წლის წინ. 

© FB/ Nino G. Accessoriesნინო გარაყანიძის ხელნაკეთი ყელსაბამები რეგულირებადი შესაკრავით
ნინო გარაყანიძის ხელნაკეთი ყელსაბამები რეგულირებადი შესაკრავით - Sputnik საქართველო
ნინო გარაყანიძის ხელნაკეთი ყელსაბამები რეგულირებადი შესაკრავით

–კონკრეტულად რა ნივთებს ქმნით?

–ეს არის წიგნის ფორმის ყელსაბამები, ჩანთის საკიდები, ე.წ ბრელოკები, სამაჯურები, საათები, ასევე წიგნის ფორმის ჩანთები. ეს ჩვენი ახალი პროდუქტია. თვე ნახევარია რაც წიგნის ფორმის ჩანთები შევკერეთ. ასე გვაქვს ძალიან საინტერესო პროდუქტი „ლეფთრეი“. ბევრმა ადამიანმა არ იცის ამის შესახებ. ეს არის ლეპტოპის დასადები, რათა დაიცვას იგი გადახურებისგან. აქვს მყარი ზედაპირი, ქვემოდან აქვს ბალიში, რათა მუხლზე რბილად დაიდოს და არ შეგექმნათ დისკომფორტი. როცა ლეპტოპს ადამიანი იდებს მუხლზე, ეს იწვევს ბევრ უარყოფით შედეგს, კანის დაავადებებს და სხვა. ეს შეიძლება გამოიყენოთ არა მარტო ლეპტოპისთვის, არამედ საუზმის მისართმევად. ეს ყველაფერი იქმნება წიგნის, ფილმის, მულტფილმის თემაზე, გააჩნია ვის რა თემატიკა მოსწონს. 

–ამ ყველაფერს რა მასალით აკეთებთ?

–წიგნის ფორმის სამკაულებს თავდაპირველად ვაკეთებდით თიხისგან, მაგრამ როდესაც გაიზარდა მოთხოვნა შეუძლებელი გახდა თიხისგან სამკაულის დამზადება. თან საკმაოდ შრომატევადია, დიდ დროს მოითხოვს თიხის გაშრობა, ამის შემდეგ იღებება. დაახლოებით 17 პროცედურას გადის სანამ სამკაული დასრულებულ სახეს მიიღებს. შემდეგ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა პლასტმასის მასალა, რომელსაც საამქროში ვაჭრევინებთ და შემდეგ უკვე ხელით ვამუშავებთ. საკმაოდ რთულია ამ პატარა ფურცლების, ყდის და ა.შ დამზადება. ყველაფერს ვაკეთებთ ხელით, მხოლოდ ყდა არის  ამობეჭდილი ვარიანტი. შეთანხმება გვაქვს გამომცემლობებთან, ვიღებთ ნებართვას, რომ ქართული ავტორების ესა თუ ის წიგნი გამოვიყენოთ. თუ არის უცხოური ვარიანტი, ამ შემთხვევაში ჩვენი დიზაინერი აკეთებს ჩვენი დიზაინის და გემოვნების ყდას. 

© FB/ Nino G. Accessoriesხელნაკეთი მრავალფუნქციური ლეფთრეი სასურველი დიზაინით
ხელნაკეთი მრავალფუნქციური ლეფთრეი სასურველი დიზაინით - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი მრავალფუნქციური ლეფთრეი სასურველი დიზაინით

 –რომელ წიგნზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

–სხვადასხვა ასაკის მომხმარებელი გვყავს. ყველაზე დიდი მოთხოვნა არის „პატარა უფლისწულზე“ და „ჰარი პოტერზე“. გვიკვეთავენ ასევე წიგნის ფორმის სამკაულებს, თუმცა არა წიგნის თემაზე, არამედ ინდივიდუალური დიზაინით, ნახატით, ან კონკრეტული ადამიანის ფოტოთი, საყვარელი პერსონაჟების ფოტოთი და ა.შ.

–ანუ თქვენი გატაცება აქციეთ შემოსავლის წყაროდ…

–შეიძლება ასეც ითქვას. ვმუშაობთ, თუმცა საღამოობით, როდესაც მთელი ოჯახი ვიკრიბებით სახლში, მე, ჩემი მეუღლე, ბავშვები, სახლში გვაქვს პატარა სახელოსნო და ყველა ერთად ჩვენს საყვარელ საქმეს ვაკეთებთ. სასიამოვნოა, როდესაც რაღაცას ქმნი და შენი შექმნილი ნივთები საზოგადოებას მოსწონს და დადებითად აფასებენ. ეს ორმაგი სტიმულია ჩვენთვის.

–საქართველოში თქვენს გარდა მსგავსი ტიპის სუვენირებს სხვებიც აკეთებენ?

–ასე მაშტაბურად არ შემიმჩნევია, რამდენიმე ფოტო კი შემხვედრია ინტერნეტში, თუმცა ის სხვა მასალით იყო შექმნილი. 

© FB/ Nino G. Accessoriesკედლის საათი სასურველი ფონით
კედლის საათი სასურველი ფონით - Sputnik საქართველო
კედლის საათი სასურველი ფონით

–პირველი აქსესუარი რომელი წიგნის თემაზე შექმენით?

–ზუსტად არ მახსოვს „პეპი“ იყო თუ „კარლსონი“. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ კითხვა. როცა რამეს კითხულობენ, შემდეგ მთელი ოჯახი ამ წიგნის სამკაულს ვამზადებთ, თვითონაც არიან ჩართული ამ პროსში და ეს მათთვის ერთგვარი სტიმულია და წიგნის კითხვაც ორმაგად უხარიათ. 

–ასე შეიძლება სერიოზული კოლექცია შეუგროვდეთ.

–კი რა თქმა უნდა. უკვე ბევრი აქვთ დაგროვილი. ეს არ არის მარტო ყელსაბამები, რადგან ამდენი ყელსაბამის ტარება შეიძლება გაუჭირდეთ. ვაკეთებთ სხვადასხვა აქსესუარებს, მაგნიტიან მისაკრავებს, სამაჯურებს და სხვა. 

© FB/ Nino G. Accessoriesკედლის საათი მუსიკალურ ფირფიტაზე
კედლის საათი მუსიკალურ ფირფიტაზე - Sputnik საქართველო
კედლის საათი მუსიკალურ ფირფიტაზე

–თქვენი ხელნაკეთი წიგნების რეალიზებას როგორ ახდენთ?

–სოციალურ ქსელში გვაქვს გვერდი „Nino G. Accessories“, სადაც ვტვირთავთ ჩვენს ნამუშევრებს.  ჩვენი აქსესუარები იყიდება წიგნის მაღაზიებში „ბიბლუსი“, „წიგნის სახლი ბახტრიონზე“, თუმცა ყველაზე დიდი არჩევანი არის ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. 

–ფიქრობდით, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა თქვენი წამოწყება?

–ყველაფერი თავისით მოვიდა. ნადვილად არ გვქონდა განსაზღვრული ამას რა მოყვებოდა. არც მიფიქრია, თუ წიგნის თემაზე გაკეთებული სამკაული ასეთი წარმატებული იქნებოდა. თუმცა ვაღიარებ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. 

–რას ურჩევთ დამწყებ ხელოვანებს? რა არის მათი წარმატების საწინდარი?

–მთავარია საქმის სიყვარული და მონდომება. როცა ადამიანს გაქვს მიზანი და აკეთებ საყვარელ საქმეს აუცილებლად გამოგივა ყველაფერი. 


ყველა ახალი ამბავი
0