თბილისი, 7 მარტი Sputnik. აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის იდეას ქვეყანაში მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე.
პრემიერი ორშაბათს გამოვიდა მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში აღიარებული რეპუტაციის მქონე მასმედიის უფლებადამცველები. პრემიერის ჩანაფიქრით, ახალმა ინსტიტუტმა მუდმივად უნდა განახორციელოს საქართველოში მედია-გარემოს მონიტორინგი, მათ შორის, შეისწავლოს და შეაფასოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ირგვლივ მოვლენები.
„საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და მართვის მოდელია. ჩვენ გვწამს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გააგრძელებენ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებას და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი თავისუფალ მასმედიას ეკისრება. ამ იდეას მხოლოდ მივესალმები“, — განუცხადა იან კელიმ ჟურნალისტებს.
მედია-ომბუდსმენის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა ასევე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მედია-ექსპერტები ამ ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ.
სიტყვის თავისუფლების თემა საქართველოში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ თითქმის ორი წელი გაგრძელდა. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის შესახებ, ხოლო 2016 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.