თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის 24 წლის მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 152 შეკვრად დაფასოებული კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და 0,05314 გრამი „ამფეტამინი“ ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაკავებულს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, რაც ისჯება 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობით.