თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოში ლტოლვილთა მისაღებად ევროკავშირის ცენტრის გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რადგან ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელია, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში.
მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი გამოვიდა წინადადებით, რომ ლტოლვილთა მისაღებად შეიქმნას ევროკავშირის ცენტრები ბლოკის საზღვრებს გარეთ, მაგალითად, საქართველოში ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.
„ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება”, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების განაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არც ერთ ოფიციალურ დონეზე არასდროს განხილულა.
„ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში“, — განმარტეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ქართველმა ექსპერტებმა უკვე განაცხადეს, რომ საქართველოში ლტოლვილთათვის ევროკავშირის ბანაკის შექმნა დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემა ისედაც არსებობს.
მეორე მსოფლიო ომის დროიდან ევროპა ყველაზე სერიოზულ მიგრაციულ კრიზისს განიცდის, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებითა და ეკონომიკური პრობლემებით არის გამოწვეული.
ამჟამად საქართველოში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 267000 პირია. სახელმწიფო მათ საცხოვრებელი ფართით ან შესაბამისი კომპენსაციით ეტაპობრივად უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებული პირები სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობენ.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი თებერვლის დასაწყისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. უცხოელი პოლიტიკოსი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
მანამდე ეუთოს თავმჯდომარემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის ფარგლებში ერგნეთში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.