თბილისი, 6 მარტი – Sputnik. „Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს პოლიეთილენის პარკების აკრძალვას, ამაზე მეტყველებს საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე, „უნდა აიკრძალოს თუ არა პოლიეთილენის პარკები?“ გამოკითხვაში მონაწილეთა 86,2%-მა უპასუხა – „კი, ისინი ბუნებას ზიანს აყენებენ“. ამავე დროს რესპონდენტების 10,3% მიიჩნევს, რომ მათი გამოყენება მოსახერხებელია და ამიტომ არ უნდა აიკრძალოს.
აიკრძალება თუ არა პოლიეთილენის პარკების გამოყენება, სულ ერთია გამოკითხვაში მონაწილეთა 3,4%-სთვის.
გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო საქართველოში შეიძლება ეტაპობრივად აიკრძალოს პოლიეთილენის პარკების გამოყენება. საქართველოში შემუშავდა შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც პლასტიკური პარკების წარმობასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან არის დაკავშირებული. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ დოკუმენტის პროექტი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებსა და პლასტიკური პარკების მწარმოებლებს გააცნო.