თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. გარემოსთვის ზიანის მიყენების გამო, საქართველოში შეიძლება ეტაპობრივად აიკრძალოს პლასტიკის პარკები.
შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც პლასტიკის პარკების მწარმობლებთან, იმპორტთან რეალიზაციასთან არის დაკავშირებული, საქართველოში შემუშავდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ დოკუმენტის პროექტი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებსა და პლასტიკის პარკების მწარმოებლებს გააცნო.
„ნორმატიული აქტის პროექტი ითვალისწინებს პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ ჩანაცვლებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი გამოყენების პარკებითა და ჩანთებით", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ პლასტიკის პარკების გარემოზე ზემოქმედების შედეგებსა და პრობლემის გადაჭრის მიზნით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა.
ევროკავშირი ახლო მომავალში გეგმავს მკაცრად შეზღუდოს პლასტიკის პარკების გამოყენება. მონაწილე ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ 2025 წელს თითოეულმა მცხოვრებმა წლის განმავლობაში 90 პარკზე მეტი არ გამოიყენოს.
პლასტიკის პარკების გამოყენების შეზღუდვაზე მუშაობა ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფარგლებში ხორციელდება.