თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საავტომობილო კომპანია „მათე მოტორსის“ მფლობელი ბიზნესმენი გელა ბარკალაია დაკავებულია, იუწყება ქართული მედია.
შსს დაკავების დეტალებს არ ახმაურებს, მაგრამ ცნობილია, რომ გელა ბარკალაიას ბრალი ორი მძიმე მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის მძევლად ჩაგდებას, ამ მუხლის მეორე ნაწილი კი ქმედებას
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის; და მეორე: 157-ე მუხლით, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ (Rustavi2) ინფორმაციით, ბარკალაია მომხდარს მისი ბიზნესით დაინტერესებას უკავშირებს, რადგან ბრალდებაში ოფიციალურად საუბარია 2014 წელს პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე, რომელშიც უცნობი ქალბატონი „მათე მოტორსის“ დირექტორს წამებისა და შანტაჟისთვის უჩიოდა.
ბრალდებული გელა ბარკალაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.