გარდა ამისა, ჯგუფის ფრონტმენი კოკა ცქიტიშვილი რადიო Rus Radio Marbella-სთან ერთად 2014 წელს ბლუზის ფესტივალის Blues Summit-CherryBlues დამფუძნებელია. ამჟამად ის გამოდის უპრეცედენტო იდეით, რომ საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი ჩატარდეს.
-ბატონო კოკა, რას იტყვით ამ ფესტივალზე და ვინ იქნება მასში ჩართული?
— დღეითვის „Blues & Wine“ მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი და პოპულარული ბრენდია. იმის გარდა, რომ ამ ფესტივალით მეღვინეები დავაინტერესე, ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიძემაც გამოთქვა. ასევე ეს იდეა კულტურის სამინისტროში კახა კანდელაკმაც სიხარულით მიიღო. დაინტერესება გამოხატა ტურიზმის დეპარტამენტმაც და შესაძლოა, ეს ფესტივალი პროგრამა „Check in Georgia“ —შიც ჩაჯდეს. ჯერჯერობით კომისია უნდა შედგეს. გვყავს სპონსორებიც და მასმედიასთანაც ვმუშაობთ. კახეთი როგორც იცით, უმდიდრესი მხარეა, მაგრამ სამწუხაროდ როგორც აჭარა და დასავლეთ საქართველო, ტურიზმის მხრივ ის არ არის განვითარებული. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ ვთავაზობთ სამთვიან ფესტივალს, რომელსაც ძირითადში კერძო სტრუქტურები დააფინანსებს. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, რომ თბილისიდან ფესტივალისთვის გამოყოფილი ავტობუსებით ადგილზე ჩავიდნენ. იქ იქნება გახსნილი სივრცე, სადაც 150-200-მდე კარავი განთავსდება. ამას გარდა, ვისაც კომფორტი უნდა, მათთვის სასტუმროების კერძო სექტორი იმუშავებს, სიღნაღიც ნახევარი საათის სავალშია, სადაც ასევე მაღალი კლასის სასტუმროებია.
- გარდა ფესტივალის ჩატარებისა, არის იდეა, რომ კახეთში არსებულ კერძო ნაკრძალში ბლუზ-სოფელი გაშენდეს…
— მე დიდი ხანია ვიცნობ ერთ საინტერესო პიროვნებას, ვიქტორ კერვალიშვილს, რომელსაც კერძო ნაკრძალი აქვს, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასეთი ფესტივალის გაკეთების სურვილი თურმე მასაც ჰქონდა. მან გადაწყვიტა, რომ მის კუთვნილ ტერიტორიაზე ააგოს ბლუზის სოფელი, სადაც სხვადასხვა სასმელები, ნაყინი, სხვადასხვა ნივთები და სუვენირები გაიყიდება. ახლა შემოგვიერთდა ახალგაზრდა ბიჭი, გიორგი ალიბეგაშვილი, ჩვენ სამივე ბლუზის სოფლის დამფუძნებლები ვართ. მოკლედ კარგ საქმეს ვიწყებთ და მე ჩემი კომპანიით დასავლურ მუსიკალურ სამყაროზე გავდივარ.
- თქვენ ხშირად ჩნდებით ესპანურ ფესტივალებზე, სადაც როგორც მუსიკოსი და სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალის ჟიურის წევრიც ხართ…
— სულ მალე სწორედ ქალაქ მარბელაში მივდივარ კინოფესტივალის დახურვაზე, სადაც ჩემს ჯგუფთან ერთად რამდენჯერმე უკვე გამოვედი. წელს საიუბილეო ფესტივალია და მის დახურვაზე ვარ მიწვეული. იქ არსებულ ადგილობრივ ჯგუფებსაც უნდა დაველაპარაკო. მინდა, რომ ჩვენს ფესტივალზე ისინიც ჩამოვიყვანო. არის რამდენიმე ინგლისური ჯგუფი, რომელთანაც ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებას. სხვათა შორის ამერიკის საელჩოშიც გვქონდა შეხვედრა, სადაც ჩვენი იდეის მიმართ დაინტერესება და უცხოური ჯგუფის ჩამოყვანის საქმეში ჩვენი დახმარების სურვილი გამოხატეს. მალე შეხვედრა გვექნება თურქეთის საელჩოშიც, თურქეთის ელჩი და მისი მეუღლე ჩვენი ჯგუფის დიდი ფანატია. გვინდა, რომ იმ ვარსკვლავებისთვის, ვისაც ჩამოვიყვანთ თურქეთის ავიახაზებმა გაგვიწიოს დაგვეხმაროს. სხვათა შორის საინტერესო ფესტივალი ტარდება სტამბულში და შესაძლოა, თურქული ჯგუფიც ჩამოვიყვანოთ. ამისთვის ალბათ შეიძლება ერთი დღეც გამოვყოთ. თემატური დღეების გაკეთებაც მინდა, ერთ-ერთის ასეთი დღის ფარგლებში ჩვენ შევხვდებით: სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ბლუზ ჯგუფებსა დამომღერლებს.
- თქვენი სლოგანი ასეთია: „ფესტივალი ის ადგილია, სადაც ღვინო ხვდება ბლუზს“…
— დიახ და საერთოდაც მინდა, რომ ეს მუსიკა, რომელიც არის კეთილი და რომელსაც სიყვარულის მუსიკაც ეძახიან, ბლუზის და ქართული ღვინის საშუალებით ერთმანეთს დავაახლოვო. ეს თემა დღეს ძალიან პოპულარულია: ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩილეში, პორტუგალიაში, იტალიაში, ახალი ზელანდიაში, ავსტრალიაში, ანუ ეს ღვინის მხარეებია. აქამდე თუ ბლუზი ბლუზი ვისკსა ან ლუდთან მოიაზრებოდა, ახლა მას უფრო სხვანაირი სტატუსი აქვს და ღვინოსთან ასოცირდება.