ნატა პატარაია
საქართველოს საშუალო ევროპული ქვეყნის განვითარების დონემდე მისაღწევად დაახლოებით 80 წელი დასჭირდება, მიაჩნია ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილს.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ ოდესმე განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგეთ, ან განვითარებულ მსოფლიოს დავეწიოთ, აუცილებელია ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზარდოს. ჩვენ რომ მივიდეთ საშუალო ევროპული ქვეყნის, მაგალითად, ესტონეთის დონემდე, სადღაც 80 წელი დაგვჭირდება“, — განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.
დღეს საქართველო ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში 108-ე ადგილზეა.
„ნორმალურია, რომ ამ რეიტინგებში ძალიან დაბალი ადგილი გვიჭირავს. ქვეყნის განვითარების დონის გამოსათვლელად საჭიროა მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდება ერთ სულ მოსახლეზე. 2012–2016 წლებში კი საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 2.8 % შეადგენდა, რაც კატასტროფაა. როცა საქართველოს 2.8 % ზრდა აქვს, ხოლო, მაგალითად, გერმანიას 2% — ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ გერმანიას ვეწევით, პირიქით, სტატუს-კვოსაც ვერ ვინარჩუნებთ და უფრო ვშორდებოდით მას“, — აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
მისივე თქმით, მართალია, ერთ ადგილზე არ ვდგავართ, მაგრამ ზრდის ტემპი ბევრად ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნებს, რადგან იგივე გერმანიის ეკონომიკისთვის, რომელიც საქართველოზე ხუთჯერ მეტია, 2%–იანი ეკონომიკური ზრდა გაცილებით კარგია, ვიდრე ჩვენთვის თუნდაც 3 %-იანი.
„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელით ჩვენ ევროპაში მოლდოვას ვუსწრებთ და სამხრეთ კავკასიაში სომხეთს. მაგრამ ჯერჯერობით მაინც ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ და არც უახლოეს მომავალში ჩანს, რომ გამდიდრებისა და განვითარების პერსპექტივა გვქონდეს. ჩვენ თუ გვინდა, რომ განვითარებული ქვეყანა ვიყოთ, ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს მინიუმ 5–7 %, რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ეს მაჩვენებელი საერთოდ ორნიშნა იქნება“, — აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
შეგახსენებთ: ჟურნალ Global Finance-ს მსოფლიოს ყველაზე მიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 189 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. გამოცემამ რეიტინგი მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით შეადგინა ერთ სულ მოსახლეზე მოსული მთლიანი შიდა პროდუქტისა და მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით.
საქართველომ უკან ჩამოიტოვა სომხეთი და უკრაინა, რომლებიც 114-ე და 116-ე ადგილებზე გავიდნენ (შესაბამისად), და ჩამორჩა მეზობელ აზერბაიჯანს, რომელმაც 71-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე მდიდარი ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება: ყატარი, ლუქსემბურგი, მაკაო, სინგაპური, ბრუნეი, ქუვეითი, ირლანდია, ნორვეგია, არაბეთია გაერთიანებული საამიროები, და სან-მარინო. ყველაზე ღარიბი ქვეყნები კი არიან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო, ბურუნდი, ლიბერია, ნიგერი, მალავი, მოზამბიკი, გვინეა, ერითრეა, მადაგასკარი და კომორის კუნძულები. აშშ რეიტინგში მე-13 ადგილზე გავიდა, რუსეთი — 52-ე, დიდი ბრიტანეთი — 27-ე, გერმანია 28-ე.