სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ, რომელიც იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს და რომლის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტი იქნება.
პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას აზრით, თუ საომარი მოქმედება დაიწყო, თავდაცვის საბჭო ისედაც შეიქმნება. ამიტომ გაურკვეველი რჩება პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები მშვიდობიანობის პერიოდში.
„არ ვიცი, რამდენად პერსპექტიულია ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ომის საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გამოდის, რომ უშიშროების საბჭოს საქმიანობა მთავრობის კომპეტენციაში გადადის და როგორც ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო იქნება დომინანტი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უნდა დაისვას კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანი და აქტუალურია თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა ასეთი სისტემის პირობებში?“— აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ “Sputnik-საქართველოსთან“ საუბარში.
პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს — ეროვნული უშიშროების საბჭოს გარდა, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, ამ ორი ორგანოს ფუნქციები, ფაქტობრივად, დუბლირებულია.
პოლიტოლოგის აზრით, ამ შემთხვევაში დგება საკითხი, რამდენად შეუძლია პრემიერ-მინისტრს გახდეს უმაღლესი მთავარსარდალი, რაც ამავე დროს ეწინააღმდეგება მსოფლიოში არსებულ პოლიტიკური სისტემის მოდელებს.
„თუ ეროვნულ უშიშროების საბჭოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, ეს იქნება რაღაც უნიკალური, ახალი გამოგონება ჩვენი მხრიდან. აი ეს მომენტი იქნება საკმაოდ საინტერესო. იმიტომ რომ ამით ფაქტობრივად ეზღუდება პრეზიდენტს — როგორც უმაღლეს მთავარსარდალს — უფლება, ჩაერიოს თუნდაც თავდაცვის პოლიტიკის მართვის საკითხებში, რაც მისი უშუალო პრეროგატივაა“, — განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, ესეც რომ არა, გაურკვეველია, ამდენი ფუნქციის მქონე პრემიერ-მინისტრს, რამდენად შეუძლია ჯეროვნად მიაქციოს ყურადღება უსაფრთოხებისა და თავდაცვის საკითხებს.
„ჩვენ არ ვართ არც გერმანია და არც საფრანგეთი, რომლებსაც გააჩნიათ ფუფუნება, ნაკლებად გაამახვილონ ყურადღება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, იმიტომ რომ მათ გააჩნიათ ასეთი უსაფრთხოების გარანტიის მრავალმხრივი ფორმატი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ელემენტების შექმნა, რომლის ერთმნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ეროვნული უშიშროების საბჭო“, — განაცხადა მაისაიამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასაც მიაჩნია, რომ
ეროვნული უშიშროების საბჭოს ქვეყნის პრეზიდენტი უნდა ხელმძღვანელობდეს.
„ის, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, აბსურდია, რადგან ის ისედაც ხელმძღვანელობს მინისტრთა კაბინეტს“, — განუცხადა კახა კუკავამ Sputnik-საქართველოს“.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით 15 დეკემბერს შეიქმნა, ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.