საქართველო რუმინეთში მრავალეროვნულ ბრიგადაში ორ ოფიცერს გაგზავნის

© Sputnik / Alexander Imedashviliლევან იზორია და გენერალი პეტერ პაველი
ლევან იზორია და გენერალი პეტერ პაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, მრავალეროვნულ სახმელეთო ბრიგადაში საქართველოს ჩართვა აუცილებელი ნაბიჯია, რათა „გვქონდეს კოორდინაცია ამ ბრიგადის ფარგლებში NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად“.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მას შემდეგ, რაც რუმინეთში ნატო-ს მრავალეროვნული ბრიგადა ჩამოყალიბდება, საქართველო იქ ორ ოფიცერს გაგზავნის, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა - Sputnik საქართველო
თბილისი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას მასპინძლობს

ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას გააკეთა. 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2016 წლის ივნისში, ალიანსის ბრიუსელის მინისტერიალის დამთავრების შემდეგ განაცხადა, რომ ნატო რუმინეთში მრავალეროვნული ბრიგადის ფორმირებას აპირებდა, რითაც შავი ზღვის რეგიონში ძალისხმევას გააძლიერებდა.
მრავალეროვნული ბრიგადის ჩამოყალიბების ინიციატორი რუმინული მხარე იყო.

„იანვრის თვეში ჩვენ ერთობლივად მთავრობის კომისიის ფარგლებში შევიმუშავეთ წინადადებები, რომლებიც წარვადგინეთ ბრიუსელში, თუ როგორი კონტრიბუცია შეუძლია საქართველოს, როგორც NATO-ს ყველაზე სანდო პარტნიორს რეგიონში, ასპირანტ ქვეყანას, შეასრულოს შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით“, — განაცხადა იზორიამ.

მისი თქმით, როდესაც რუმინეთში მრავალეროვნული სახმელეთო ბრიგადა ჩამოყალიბდება, საქართველო იქ ორ ოფიცერს მიავლენს იმისათვის, რომ „გვქონდეს კოორდინაცია ამ ბრიგადის ფარგლებში NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად“.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს საწვრთნელი ინფრასტრუქტურა „მეტი ინტენსივობით“ შესთავაზოს, ვინაიდან საქართველოს უსაფრთხოება დიდწილად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება ალიანსი ქვეყანაში წარმოდგენილი.

თბილისში უკვე მეორე დღეა იმყოფება ნატო-ს სამხედრო კომიტეტი გენერალ პეტერ პაველის ხელძღვანელობით. სამხედრო კომიტეტმა უკვე გამართა სხდომა, შეხვდა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და ასევე გენშტაბის ხელმძღვანელ ვლადიმერ ჩაჩიბაიას.

გარდა ამისა, გენერალი პეტერ პაველი გეგმავს ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრასაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0