თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რომელმაც შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ (Rustavi2) ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის თაობაზე, ეს საქმე პრიორიტეტულია, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2-ის“ იურისტებმა მიმართეს, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნიათ.
„ამ საქმეს მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი, თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს. ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც იწარმოება ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში“, — განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.
ტელეარხის ადვოკატ თამთა მურადაშილის თქმით, მინისტრმა წულუკიანმა საზოგადოებას მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მიაწოდა.
„მან მშრალად აღწერა ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ჩვენს სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის ღონისძიებაში გვქონდა მითითებული“, — აღნიშნა ადვოკატმა.
თამთა მურადაშვილის თქმით, სამაუწყებლო კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ამოქმედება 6 მარტამდე მოითხოვა, ვინაიდან ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ქიბარ ხალვაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკვე აპირებდა.
„ჩვენ მოვითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ამოქმედება 6 მარტამდე, ვინაიდან ვიცოდით, რომ ქიბარ ხალვაში აპირებდა მის აღსრულებას“, — განმარტა ადვოკატმა მურადაშვილმა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა სახელმწიფოს მხრიდან, რაზეც თავად ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაში.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს მხოლოდ ერთმა მოსამართლემ მიიღო.
„სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილის საფუძველზე ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარიც არის უცნობი (პროცედურა ასეთია)“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისი განმარტებით, მეორე, ანუ მოპასუხე მხარე, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეს საქმის კურსში არ ჩაუყენებია და არც რაიმე ინფორმაცია გამოუთხოვია დღის განმავლობაში.