თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტი გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით თბილისში ჩამოვიდა. საქართველოში პარასკევს ქართული მხარის მონაწილეობით კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ალიანსის წარმომადგენლებს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ნატოს სამხედრო წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ კაპანაძე, საქართველოში ნატოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე და ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა გენერალ პეტრ პაველის პირისპირ შეხვედრები უწყების ხელმძღვანელ ლევან იზორიასა და ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები.
„პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში მოწვევისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. მსურს აღვნიშნო, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა აქტიურ ფაზაშია. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად სამხედრო კომიტეტი სპეციალურ სესიას მართავს საქართველოში. მჯერა, რომ ეს ღონისძიებები ნათლად ადასტურებს ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და იმას, რომ ნატო დაინტერესებულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით“, — განაცხადა პაველმა თბილისში ჩამოსვლისას.
ჟურნალისტთა კითხვაზე, განიხილება თუ არა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, პაველმა უპასუხა: „რთული წარმოსადგენია, რომ ეს არ განვიხილოთ“.
„ეს საკითხები იმსახურებს, რომ ისინი ასეთ დონეზე განიხილებოდეს… მჯერა, რომ საქართველო მთელ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში თავის როლს შეასრულებს“, — დასასრულს განაცხადა პაველმა.