თბილისი, 2 მარტი — Sputnik. პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვნების მოღვაწეები და საქართველოს სხვა მცხოვრებნი შეუერთდნენ გენდერული თანასწორობის კამპანიას —„მამაკაცები ზრუნავენ“.
ეს უკვე მეორე მსგავსი კამპანიაა საქართველოში. ინიციატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care. კამპანიას ჯერჯერობით ასამდე ადამიანი შეუერთდა.
ამჟამად გენდერული თანასწორობის კვირეული ფარგლებში კამპანიის მონაწილეები და მომხრეები თბილისში შეხვედრას მართავენ და ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა ბავშვის აღზრდაში მშობელთა თანაბარი ჩართულობა, მამობა, მამაკაცებისათვის სადეკრეტო შვებულების პოპულარიზაცია და სხვ.
როგორც გაეროს ფონდის თბილისის ოფისში აღნიშნეს, მამაკაცის ზრუნვას ქალთა, ბავშვთა და ზოგადად საზოგადოების კეთილდღეობისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. მზრუნველი მამების შვილები ძალადობისა და სოციალური პრობლემებისგან უკეთ არინ დაცულნი. ისინი სტრესს ადვილად უმკლავდებიან.
პირველად კამპანია „მამაკაცები ზრუნავენ“ საქართველოში 2016 წელს გენდერული თანასწორობის შესახებ გაეროს პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
2013 წელს ფონდმა კვლევა „ მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყანაში გენდერული უთანასწორობაა. კვლევაში ნათქვამია, რომ ქართულ საზოგადოებაში ორგვარი მიდგომაა — „კაცის“ და „ქალის“ საქმე. კაცის საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალის საქმედ — ბავშვებზე ზრუნვა, დალაგება, სადილის მომზადება და ა.შ.
კვლევის თანახმად, არაუმეტეს 5% მამაკაცებისა იღებენ მონაწილეობას საკითხავი ლიტერატურის შერჩევის, პედაგოგებთან საუბრებისა და გაკვეთილების მომზადების პროცესში.