თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მცველი და „ვიტესის“ კაპიტანი გურამ კაშია თავის გუნდთან ერთად ფეხბურთში ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა.
ნახევარფინალურ მატჩში, რომელიც როტერდამში გაიმართა, ვიტესმა ადგილობრივ „სპარტას“ 2:1 მოუგო.
გამარჯვებულების შემადგენლობაში დუბლი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა, ლუის ბეიკერმა მე-13 და 73-ე წუთებზე გააფორმა.
მეორე გატანილი გოლის შემდეგ „სპარტამ“ ერთი გოლის გატანა შეძლო, რაშიც კაშიამ თავისი „წვლილი“ შეიტანა. მან მარცხენა ფლანგიდან საშიში დარტყმის მოგერიებისას ბურთი საკუთარი კარისკენ გაუშვა.
დარჩენილ დროში გოლის გატანის მეტი შანსი „ვიტესს“ ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა.
თავისი ისტორიის განმავლობაში „ვიტესი“ ჰოლანდიის თასის ფინალში სამჯერ გავიდა — 1912, 1927 და 1990 წლებში, მაგრამ თასის აღება ვერც ერთხელ ვერ შეძლო.
„ვიტესის“ მეტოქე ფინალში АЗ-ისა და „კამბუურს“ შორის გამარჯვებული იქნება.