თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ღია მიკროფონი უზენაეს სასამართლოსთან“ სასამართლოს შენობასთან 13:00 საათზე დაიწყება და საღამომდე გაგრძელდება, განაცხადა ტელეკომპანიის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ხუთშაბათს „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) საქმის განხილვას შეუდგება.
პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის“ Rustavi2-ის გადაცემის შესახებ ტელეარხის ამჟამინდელმა მფლობელებმა — ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა გაასაჩივრეს. უზენაეს სასამართლოს მათ 2016 წლის ივლისში მიმართეს.
„ეს არის პროცესები, რომელიც ეხება „რუსთავი 2“-ის ყველა მაყურებელსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, მათ, ვისაც არ მოსწონს „რუსთავი 2“, მაგრამ იცის, რომ „რუსთავი 2“-ზე გადის თავისუფალი სიტყვა, დემოკრატიისა და ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბედი. ამიტომ ჩვენ ვაანონსებთ აქციას ეგიდით „რუსთავი 2 — ღია მიკროფონი უზენაეს სასამართლოსთან“… ვინ, სად და როგორ შეიკრიბება, მხედველობაში მაქვს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს მათი პირად საქმეა. ჩვენ ყველას აზრს პატივს ვცემთ და მადლობას ვუხდით მათ“, — განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას სიტყვებით, საპროტესტო აქცია ყოველ დღე გაიმართება, ვიდრე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
ტელეკომპანიის დირექცია კვლავ მოითხოვს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ცხრა მოსამართლიდან ორი მოსამართლის — უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძისა და მოსამართლე მზია თოდუას აცილებას მოითხოვს.
Rustavi 2-ის სასამართლო პროცესი დაახლოებით ორი წელი მიმდინარეობს. 2015 წლის ნოემბრის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, 2016 წლის ივნისში კი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.