თბილისი, 2 მარტი — Sputnik. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრეს-მდივანმა სტეფან დუიარიჩმა.
2016 წლის დეკემბრის ბოლოს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე „ნაბაკევისა“ და „ოტობაიას“ გამშვები პუნქტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, გამოცხადდა, რომ მუშაობას განაგრძობს საბერიოს გამშვები პუნქტი და ასევე პუნქტი, რომელიც მხოლოდ ენგურჰესის მომსახურებისთვის გამოიყენება.
„ვწუხვართ ცოტა ხნის წინ ანონსირებულ გეგმებთან დაკავშირებით, მდინარე ენგურზე ორი დამატებითი გამშვები პუნქტის დაკეტვის თაობაზე, რაც მოსახლეობის გადაადგილებასა და ზოგადად, კეთილდღეობას დააზიანებს, მათ შორის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით გალის რაიონში მცხოვრებთ“, — აღნიშნულია დუიარიჩის კომენტარებში, რომელიც საქართველოში გაეროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ენგურის ხიდი გალისა და ზუგდიდის რაიონებს აკავშირებს.
„ჩვენ ვუერთდებით სხვა საერთაშორისო პარტნიორებს და მოვუწოდებთ არსებული გამშვები პუნქტების ფუნქციონირების გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს გადაადგილების, მათ შორის ჰუმანიტარულის, თავისუფლება“, — განაცხადა დუიარიჩმა.
მან ასევე მოუწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე მხარეებს, „თავი შეიკავონ ნებისმიერი ცალმხრივი ქმედებებისგან, რომლებსაც უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ რეგიონულ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე“.
მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.