თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ოთხშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ახალ რეგულაციაზე ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.
დოკუმენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის — მალტის წარმომადგენელი თბილისის დროით 17:00 საათზე მოაწერენ ხელს. ცერემონია ევროპარლამენტში გაიმართება.
ეს ერთ-ერთი ბოლო ეტაპია შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი სტუმრობისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების გზაზე.
ცერემონიის შემდეგ კვირიკაშვილი ტაიანისთან შეხვედრას გამართავს.
დადგენილი პროცედურების თანახმად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში რამდენიმე დღეში უნდა გამოქვეყნდეს. სავარაუდოდ, ეს 9 მარტს მოხდება.
რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.