პრემიერი: ევროკავშირი საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს ასრულებს

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აფასებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების პირობა დადო და ასრულებს საკუთარ დაპირებებს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროპარლამენტის შემდეგ ევროკავშირის საბჭომაც დაუჭირა მხარი. ეს ერთ–ერთი ბოლო ეტაპია საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების გზაზე.

„ეს შედეგი ადასტურებს ორ რამეს: პირველი, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა. ამასთან ერთად ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გასაგრძელებლად. მაგრამ, მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი — ეს შედეგი ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ დაპირებებს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველოში ძლიერია ევროპული სულისკვეთება.

საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ვიზების გაუქმება დაამტკიცა

„ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია კონკრეტული, ხელშესახები სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ცალკე გამოყო ის გარემოება, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი მარტის ბოლოდან ამოქმედდება.

„პირველ მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

სამების ბაღი - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსთვის დიდი პასუხისმგებლობაა

საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება, აღნიშნა მან.

„ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფართომასშტაბიან, ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს“, — აღნიშნა პრემიერმა.

რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0