თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ევროპის კავშირის საბჭომ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრების დონეზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
„ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს“, — დაწერა კვირიკაშვილმა.
ეს ერთ-ერთი ბოლო ეტაპია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოკლევადიანი გამგზავრება შეძლონ.
დადგენილი პროცედურებით, საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის (მალტა) წარმომადგენელი. დოკუმენტზე ხელმოწერა 1 მარტს იგეგმება.
რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180-დან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.