თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოსთან ევროკავშირის უვიზო რეჟიმი 28 მარტიდან ამოქმედდება, განაცხადა ბრიუსელიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კორესპონდენტმა ქეთევან ქარდავამ.
ოთხშაბათს, ევროპარლამენტის შენობაში, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის თავმჯდომარე-ქვეყნის — მალტის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს რეგულაციას, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ვიზების გაუქმებას ითვალისწინებს.
ქარდავას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდება. რეგულაცია ძალაში გამოქვეყნებიდან 21 დღეში შევა.
ამგვარად, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.