თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ნანა ჯორჯაძის მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“, რომელიც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის დაკვეთით გადაიღეს, ჰოლივუდში დამოუკიდებელი დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ხუთი პრიზი მიიღო.
ფილმი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა გმირის ენით გვიამბობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ, მის მდიდარ ღვინის კულტურაზე.
ფილმი კომპანია „ხეცურიანის მარნისა“ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გადაიღეს.
როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩო იუწყება, კინოფირმა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორისაა ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის (ნანა ჯორჯაძე) და საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის (მიხეილ კვირიკაძე).
ნომინაციაში „საუკეთესო პროდიუსერი“ შალვა ხეცურიანმა გაიმარჯვა, ხოლო „საუკეთესო სცენარის ავტორი“ თამარ ბართაია გახდა.“ საუკეთესო როლის შემსრულებელი“ (Talent of Camera) მსახიობი რევაზ ხეცუარიანია.
ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) უკვე არის რამდენიმე ჯილდოს მფლობელი. ესპანეთში, ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე MOST 2016 ქართული სურათი საუკეთესო ფილმად აღიარეს და მთავარი პრიზი გადასცეს.
საფრანგეთში, ღვინის კინოფესტივალზე OENOVIDEO ფილმი ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა და წლის საუკეთესო ენოლოგიურ სურათად აღიარეს. ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ნიდერლანდებში კინოფესტივალზე DOCfeed.