თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მამუკა ტყეშელაშვილის მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს „მზის ჩასვლა“ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური კინოს ბარსელონაში საერთაშორისო ფესტივალ Mecal-ზე აჩვენებენ.
კინოფესტივალზე საუკეთესო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 4000 ფილმიდან შეირჩა. საკონკურსო სექციების გარდა, ფესტივალზე თემატური პროგრამებია წარმოდგენილი. ჩვენებები მთელ ქალაქში იმართება.
წელს კინოფესტივალი Mecal-ი 14 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დამთავრდება. კინოფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, კანადის, იაპონიის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების რეჟისორების ნამუშევრები.
სამწუთიანი ანიმაციური სურათი „მზის ჩასვლა“ სხვადასხვა თაობის წყვილების სიყვარულზე მოგვითხრობს, თუ როგორ ხვდებიან ახალგაზრდები ერთმანეთს, დრო გადის, სიყვარული კი უცვლელი რჩება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"მზის ჩასვლა" შარშან ანიმაციური ფილმების საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი, ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსგარეშე პროგრამაშიც იყო ნაჩვენები.
ერთი წლით ადრე ტყეშელაშვილის მულტფილმი საქართველოში მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „წმინდა ანდრიას ჯვრით“ დაჯილდოვდა.
ქართული რეჟისორის ანიმაციური ნამუშევარი ესპანეთში 19 მარტს იქნება ნაჩვენები.