თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. თანამედროვე ქართული ფილმი წარმოდგენილი იქნება 46-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე „ახალი რეჟისორები/ახალი ფილმები“, რომელიც ნიუ-იორკში 15-26 მარტს გაიმართება.
კინოფესტივალს ყოველწლიურად ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (МоМА) და ლინკოლნ-ცენტრის კინოსაზოგადოება ერთობლივად მართავენ. მისი მიზანია მთელი მსოფლიოდან ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა რეჟისორების საუკეთესო საფესტივალო კინოს წარმოდგენა.
წელს ნიუ-იორკის კინოფესტივალზე საქართველოდან ორი ფილმი მოხვდა. ესენია ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ და დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციით შექმნილი ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ კინორეჟისორების მეორე ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი ერთ ქართულ ოჯახზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მარინა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და ოჯახი მიატოვოს, სადაც შვილები და მეუღლე სოსო ცხოვრობენ.
ფილმი „ლეთა“ 2015 წლის თებერვალში ლაგოდეხის რაიონში სოფელ ფონაში გადაიღეს. მარტოხელა მხედარი მდინარის ნაპირზე ხეტიალისას შემთხვევით უცნაურ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფელში მოხვდება. უსიტყვო ფილმში (ფილმის დასაწყისში მხოლოდ ერთ მონოლოგს თუ არ ჩავთვლით) წამოწეულია სიყვარულის, ძალადობისა და მათ შორის ფაქიზი ზღვრის თემა.
კინოფესტივალს New Directors/New Films ნიუ-იორკში გახსნის ამერიკელი რეჟისორის ჯერემი ჯასპერის ფილმი Patti Cake$.
კინოფორუმზე, ამერიკელი რეჟისორების ფილმების გარდა, ნაჩვენები იქნება ნამუშევრები კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.