საქართველო — საფრანგეთში მიმდინარე აზიური კინოფესტივალის ფოკუსში

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიძველი კინოფირი
ძველი კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული კინემატოგრაფი საფრანგეთში აზიური კინოს კინოფესტივალის ფოკუსში აღმოჩნდა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ქართული კინემატოგრაფი 7–14 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ვეზულში გამართული (Le Festival international des cinémas d'Asie, FICA)აზიური კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფოკუსში აღმოჩნდა.

1995 წელს შექმნილი აზიური კინოს საერთაშორისო ფესტივალს ყოველწლიურად 30 000–მდე მაყურებელი ესწრება, რომლებსაც საფესტივალო პროგრამის ფარგლებში 90–ზე მეტი ფილმის ნახვა შეუძლიათ.

ეს არის ევროპაში აზიური კინოს უძველესი, უდიდესი და ერთადერთი ფესტივალი, რომელზეც ახლო და შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით მთელი აზიის კონტინენტის ფილმებია წარმოდგენილი.

წელს ქართული კინემატოგრაფის წარმომადგენელი, რეჟისორი რუსუდან ჭყონია საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ–ერთი წევრი გახდა. კინოფესტივალზე ასევე ჭყონიას ფილმი „გაიღიმეთ“ აჩვენეს. ტელეხიდის მეშვეობით ეს სურათი მაყურებელმა ერთდროულად საფრანგეთის ორ ქალაქში — ვეზულსა და ბელფორში ნახა.

Trieste film festival - Sputnik საქართველო
იტალიაში თანამედროვე ქართულ კინოს აჩვენებენ

გარდა ამისა, კინოფესტივალის ფარგლებში საფრანგეთში ქართული კინოს რეტროსპექტივა შედგა. პროგრამაში აჩვენეს ისეთი ფილმები, როგორიცაა თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯა“, თენგიზ აბულაძის „მონანიება“, ოთარ იოსელიანის „აპრილი“, „ფოთოლცვენა“ და „პასტორალი“, ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „დღეს ღამე უთენებია“, ასევე ელდარ შენგელაიას „სამანიშვილის დედინაცვალი“.

ფრანგული აუდიტორია ასევე ქართული კინოს სიახლეებს გაეცნო. კინოფესტივალის მაყურებლებსა და სტუმრებს უჩვენეს ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“ და თეონასა და ტიერი გრენადეს ფილმი „ძმა“.


ყველა ახალი ამბავი
0