თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ახალ ავტობუსებში, რომელსაც თბილისის მერია ეტაპობრივად უშვებს, ძველ სალარო-აპარატებთან ერთად მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა იმოქმედებს.
პროექტი სატესტო რეჟიმში ამოქმედდა — ახალი აპარატები ჯერჯერობით ავტობუსების ნაწილში დაამონტაჟეს. გადახდა წარმოებს „საქართველოს ბანკის“, „მეტრომანის“ ან სხვა შეღავათიანი სატარიფო ბარათების მეშვეობით. ახალი აპარატები ბილეთებს არ გასცემს — მგზავრობის საფასურის გადახდის შესამოწმებლად კონტროლიორებს სპეციალური აპარატები აქვთ.
მგზავრობის საფასური არ იცვლება და კვლავ 50 თეთრი იქნება. ასევე შენარჩუნდება მერიის დადგენილი შეღავათები.
ამ დროისთვის თბილისში 40 ახალი ავტობუსი მოძრაობს. ბოლო ხუთი ავტობუსი 1 მარტს გაუშვეს.
ახალი ავტობუსები ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და CNG საწვავზე (ბუნებრივი აირი) მუშაობენ, რაც დიზელის საწვავთან შედარებით ბევრად ნაკლებ მავნე გამონაბოლქვს შეიცავს.