თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული, სომხური წარმოების უაქციზო სიგარეტი “მასტერი’’. კონტრაბანდული საქონელი ამოღებულია ნივთმტიცების სახით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით („მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე“).
მიმდინარე წელს უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ან რეალიზაციის ეს უკვე მოეთხე შემთხვევაა.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე აქციზი ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი გახდა.
ადრე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ სიგარეტის გაძვირება ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის რისკებს გაზრდის, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ ქვეყნის საკონტროლო–გამშვებ პუნქტებს სრულად აკონტროლებენ და თამბაქოს ნაწარმის უკანონო შემოტანას არ დაუშვებენ.