თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ქართველი მოსწავლეების გუნდი Smart Kids–ი, რომელიც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია, ნაციონალურ აეროკოსმოსურ სააგენტოში (NASA) აშშ–ში გაემგზავრება, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გუნდი Smart Kids-ი, რომელმაც პროექტი „გეოლოგიური საფრთხეები“ წარადგინა, 13 ფინალისტს შორის საუკეთესო გახდა.
კონკურსის გამარჯვებულები არიან სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის მოსწავლეები: ლიკა კოკაია, ნათელა შამათავა, ალექსი ტყებუჩავა, დეა ჩიტაია და გვანცა ჩიქოვანი.
„მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს, მათ, ვინც გადაწყვიტა, რომ პირველ ადგილზე უნდა გავსულიყავით. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სკოლას, რადგან მისი მხარდაჭერის გარეშე ამ შედეგს ვერ მივაღწევდით. არ შემიძლია ჩემი ემოციების გადმოცემა. ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ჩემს ცხოვრებაში ფანტასტიური მომენტი იყო“, — განაცხადა კოკაიამ.
მოწაფეები აპრილში აშშ–ში გაემგზავრებიან, სადაც NASA–ს საერთაშორისო კოსმოსურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
„პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებით, ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა, რაც ჩვენი ფონდის მისიას წარმოადგენს საქართველოში“, — განუცხადა ჟურნალისტებს ფონდ „ათასწლეულის გამოწვევები — საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
ინოვაციების კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი მოხვდა — გუნდი „ბორჯღალომობილი“ პროექტით „როვერის მთვარის ძრავა“ და გუნდი „17“ პროექტით „მაგნიტური ლიფტი“.
მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „ძმები ბუთბაიები“ პროექტით „ოპტიმიზირებული პარკინგის სისტემა — Smart Parking“.
ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი (Millennium Innovations Award) უკვე მესამედ ტარდება და მასში მონაწილეობა ქვეყნის ცხრა რეგიონიდან 238 გუნდმა მიიღო. ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა“ კონკურსს აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.