თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომელიც თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობს, მერიას ელიავას ქუჩაზე განთავსებული სამშენებლო მასალების უმსხვილესი ბაზრობის ადგილზე რეკრეაციული ზონის შექმნას სთავაზობს.
„ერთ-ერთი ვარიანტია ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის შექმნა. ჩვენ უნდა მოვნიშნოთ ტერიტორიები, სადაც რეკრეაციული ზონის განვითარება შეიძლება. ერთ-ერთი ასეთია ელიავას ბაზრობა“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ არქიტექტორ-დამგეგმარებელმა დემურ სვანიძემ.
სვანიძის თქმით, არის ალტერნატიული ადგილები, სადაც სამშენებლო მასალების ბაზრობის გადატანა შეიძლება. ერთი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილშია, ერთი — სამხრეთით.
„ელიავას ბაზრობის ტერიტორია ტრანსპორტისთვის ძალზე პრობლემური ზონაა. ამიტომ ვთავაზობთ ბაზრობის განაწილებას მომსახურების ორ სხვადასხვა ზონაში. ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მერიასთან. ეს რეალურ ვარიანტად მიგვაჩნია“, — განაცხადა სვანიძემ.
არქიტექტორები ასევე მუშაობენ თბილისში ველოსიპედის გზების შექმნის საკითხზე.
„მიუხედავად ჩვენი ქალაქის რთული რელიეფისა, არის რაიონები, სადაც ველობილიკების გაკეთება შეიძლება. შესაძლებელია ველოსიპედებისთვის ცალკეული გზებისა და სპეციალური დერეფნების შექმნა“, — აღნიშნა სვანიძემ.
ამ ეტაპზე პროექტის დეტალური დამუშავება მიმდინარეობს, იქმნება თბილისის კომპლექსური სატრანსპორტო სქემა, სადაც შედის საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი, საფეხმავლო და ველოსიპედის გზები, საფეხმავლო ხიდები და ა. შ.
თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და 2017 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. მუშაობაში 200-მდე სპეციალისტია ჩართული.