დეკანოზი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს

© photo: Sputnikაღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატიმრობაში მყოფმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჯერჯერობით გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას არ უპასუხა.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოსთან დაახლოებული პირის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, გამოძიების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, განუცხადა მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს.

სასულიერო პირმა, რომელიც აქამდე დუმილის უფლებას ინარჩუნებდა, ორშაბათს პროკურატურის გამომძიებლებს პირველი ჩვენება მისცა. მისი დაკითხვა №9 საპყრობილეში, სადაც ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რვა საათის განმავლობაში გაგრძელდა.

„დაკითხვის დროს მამა გიორგიმ ამ ეტაპზე თავი შეიკავა გამოძიების რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემისგან, რადგან ამ კითხვებზე პასუხს მას შემდეგ გასცემს, როგორც კი მისი ოჯახის უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი“, — განაცხადა რამიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მამალაძის ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს.

დეკანოზ მამალაძის დაკითხვა არ დასრულებულა და, სავარაუდოდ, სამშაბათს განახლდება.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
სკანდალი საპატრიარქოში: დეკანოზმა მამალაძემ პირველი ჩვენება მისცა

„ბრალდებულმა ჩვენება მოგვცა, მაგრამ იმის გამო, რომ დიდი ინფორმაციაა, ჩვენ ყველა კითხვის დასმა ვერ მოვასწარით. ჩვენ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა და, რასაკვირველია, ეს კითხვები დაისმება და ბრალდებულს მათზე პასუხის გაცემა მოუწევს“, — განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ, რომელმაც საქართველოს პროკურატურას 2 თებერვალს მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, დეკანოზმა მამალაძემ, რომელიც საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მთელი დანაშაული საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს.

„ვფიქრობ, მან (მამალაძემ) ასეთი მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს და გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლოს. ის, რომ იგი მარტო არ მოქმედებდა, ნათელია, და ეს მომავალში ისეც ცნობილი გახდება. ბოლო პერიოდში მასთან საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. ეს ჩემს ჟურნალისტურ მოღვაწეობას და მის საპატრიარქოში ყოფნას, კერძოდ, ქონების მართვას უკავშირდებოდა, რომელიც შემდეგ არაჯანსაღ ურთიერთობაში გადაიზარდა“, — განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დეკანოზი მამალაძე თავისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს. ანალოგიური თხოვნით მან საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილსაც მიმართა მასთან შეხვედრის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0