თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დიდი პალატის შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომელიც პოპულარული ქართული ტელეკომპანიის „რუსთავი 2“–ის საქმის განხილვას 2 მარტს შეუდგება, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სარჩელი უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელი მეპატრონეების ადვოკატებმა 2016 წლის ივლისში შეიტანეს. მათ პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს, რომლებიც ტელეარხის, მისი ყოფილი მფლობელისთვის — ქიბარ ხალვაშისთვის და მისი კომპანიისათვის შპს „პანორამასთვის“ გადაცემას ითვალისწინებდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილება 25 იანვრამდე უნდა გამოეტანა, თუმცა საქმე დიდ პალატას გადაეცა და მისი დაკომპლექტება დროში გაიწელა.
დიდ კოლეგიაში შევიდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ასევე მოსამართლეები მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.
საქმის მომხსენებელი მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილია.
2016 წლის ნოემბერში „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ოთხ მოსამართლეზე ზეწოლაში დაადანაშაულა და მათი აცილება მოითხოვა. საუბარია გვენეტაძეზე, თოდუაზე, პაატა სილაგაძეზე და მიხეილ ჩინჩალაძეზე. ჩინჩალაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, როინიშვილმა შეცვალა.
თავის მხრივ, ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამაც მიმართა სასამართლოს მოსამართლეების ბესარიონ ალავიძის, პაატა ქათამაძის და ეკატერინე გასიტაშვილის აცილების თაობაზე.
ამ მოსამართლეებმა თავის დროზე „რუსთავი 2“–ის საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცეს.
ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ ზემოხსენებულ მოსამართლეებზე ზეწოლა „რუსთავი–2“–ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მოახდინა.
„მოსამართლეთა ამ შემადგენლობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რამაც მიუკერძოებლობის პრობლემა შექმნა“, — განუცხადა სალიამ Sputnik საქართველოს.
გარდა ამისა, „რუსთავი 2“–ის იურისტებმა უზენაეს სასამართლოს ტელეკომპანიის უძრავ–მოძრავ ქონებაზე 2015 წელს დადებული ყადაღის მოხსნის შუამდგომლობით მიმართეს.
მოსამართლეებს კიდევ ერთი შუამდგომლობის განხილვა მოუწევთ, რათა საქმეს დაერთოს დოკუმენტი, რომელიც „რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა 2016 წლის სექტემბერში გაასაჯაროვეს. მასში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის შეძენისას ყველა გარიგებაში ხალვაში თავისი მეგობრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს წარმოადგენდა და მისი სახელით მოქმედებდა.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე, ხალვაში „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ არც ერთ მოქმედებას არ განახორციელებს. დოკუმენტს ხელს აწერენ ხალვაში და ოქრუაშვილი.
„რუსთავი–2“–ის სასამართლო განხილვები თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. 2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის ხალვაშისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, 2016 წლის ივნისში კი სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.