თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა შესწორებები კანონში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, რომლის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნისას წვევამდელებს უქმეები და შვებულება ექნებათ, აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
შესწორებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სამხედო სამსახურში გაწვევის სისტემის შეცვლასა და დაწყებითი საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსის დანერგვას ითვალისწინებს. ამ კურსის გავლის შემდეგ წვევამდელები სრულფასოვან სამხედრო მოსამსახურეებად ჩაითვლებიან.
შესწორებების თანახმად, საწყისი საბრძოლო მომზადების დროს წვევამდელებს გრაფიკით სამი შაბათ-კვირით გაუშვებენ, ხოლო კურსის შემდეგ — ყოველ უქმეებზე. ერთადერთი გამონაკლისი იქნება, თუ უქმეების დროს ტარდება წვრთნები, საყარაულო სამსახური ან დისციპლინური სასჯელი.
საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს 15-დღიანი შვებულების უფლება ექნებათ. ვადა შეიძლება გაგრძელდეს ოჯახური პირობების ან საპატიო მიზეზის გამო. სავალდებულო სამსახური საქართველოში ერთ წელზეა გათვლილი.
სამხედრო გაწვევა საქართველოში 1 თებერვალს დაიწყო და 30 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე 1,4 ათას ადამიანს.
მთლიანობაში გაწვევა 3 687 მოქალაქეს შეეხება. გარდა შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურისა, საქართველოს მოქალაქეებს ასევე იწვევენ შსს-ში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. ყველა ამ უწყებაში სამხედრო მოსამსახურეები ძირითადად მნიშვნელოვან სახელმწიფო ობიექტებს იცავენ.
სამხედრო სამსახური საქართველოში ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.