თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, აშშ-ისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე გერი კონოლი, პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა).
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
„შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძეს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დელეგაცია საქართველოში კონგრესისგან მკაფიო გზავნილის გადმოსაცემად ჩამოვიდა.
„ჩვენ აქ ვართ, რომ ძალიან მკაფიო გზავნილი გადმოგცეთ აშშ-ის კონგრესისგან და ეს გზავნილი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც საქართველო იღებს დემოკრატიის განვითარების გზაზე. ნაბიჯები, რომელსაც საქართველო განვითარებისთვის, დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის და დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს, ძალიან მნიშნელოვანია”, — განაცხადა კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.
ამერიკელ კონგრესმენებს ასევე დაგეგმილი აქვთ საპარლამენტო უმცირესობების წევრებთან შეხვედრა.