თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა დიუსელდორფის გრან–პრის ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება IJF–ის ოფიციალური ვებ–გვერდი.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი მარგველაშვილი 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალში 21 წლის იაპონელ ნორიჰიტო ისოდას შეხვდა. ორთაბრძოლის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ხოლო დამატებითი დროის პირველივე წამებში ქართველმა სპორტსმენმა ელვისებური შეტევით გაიმარჯვა – შეჯიბრება ვაზარით დასრულდა.
მარგველაშვილი დიუსელდორფში საპატიო კვარცხლბეკზე უკვე ზედიზედ მესამედ ავიდა – 2015 და 2016 წლებში ის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
კიდევ ერთი მედალი საქართველოს ნაკრებს 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა მოუტანა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში მონღოლ განბატუ ბოლდბაატარუსთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
დღეს დიუსელდორფის გრან–პრიზე მედლები 73 და 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. პირველ კატეგორიაში საქართველოს ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი წარადგენენ, მეორეში კი – ამბაკო ავალიანი და ნუგზარ ტატალაშვილი.