ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დარჩა

© photo: Sputnik / Andrei Starostinკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტის დეპუტატის ცემის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 2005 წელს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს პატიმრობის 6 წელი და 9 თვე შეუფარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2016 წლის სექტემბერში საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით“ და „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად“.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურა: მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ

მერაბიშვილის გარდა პატიმრობის 9 წელი დაუსწრებლად მიესაჯა შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს. ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.

საქმის მასალების თანახმად, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და საგანგებო დანიშნულების განაყოფის თანამშრომლებმა თბილისში გააჩერეს მანქანა, რომლითაც დეპუტატი გადაადგილდებოდა, გელაშვილი და რამდენიმე ადამიანი მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს, პისტოლეტის ტარით სცემეს გელაშვილს, წაართვეს მისი კუთვნილი იარაღი Heckler Koch, 10000 აშშ დოლარი და 50000 ლარის ღირებულების ბეჭედი.

პროკურატურის მონაცემებით, გელაშვილზე თავდასხმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა, რომელიც დეპუტატის მიერ გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ აღაშფოთა. ამ ინტერვიუში გელაშვილმა განაცხადა, რომ მას ავლაბარში წაართვეს სახლი, რომლის ადგილზეც შემდეგ საპრეზიდენტო სასახლე აშენდა.

გელაშვილმა სააკაშვილი და მისი პირადი ცხოვრება შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენია.

სტატია სახელწოდებით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს არ დაუთმობს“ 2005 წლის ივნისში გამოვიდა, დეპუტატზე თავდასხმა კი ივლისში მოხდა.

პროკურატურის მონაცემებით, გელაშვილის სამაგალითო დასჯა პრეზიდენტმა თავდაცვის მაშინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა. ოქრუაშვილმა დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა. მაშინ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიმართა, რომელმაც დავალების შესრულება შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორს ერეკლე კოდუას დაავალა.
საბოლოოდ საგანგებო დანიშნულების დანაყოფის მებრძოლებმა ბრძანება კოდუასგან და სირაძისგან მიიღეს.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილმა „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტზე უარი განაცხადა

ამ საქმეში სააკაშვილიც ფიგურირებს, თუმცა ეს საქმე ცალკე ეპიზოდად იხილება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს მუხლებით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით“ და „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად“.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის სამ საქმეზე იხდის — 2006 წელს „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ორგანიზება, 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის აქციის დარბევა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვა.

სასამართლო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ორ საქმეს იხილავს. პირველი საქმე 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას უკავშირდება, მეორე — თელავში ღვინის ქარხანა „აკურას“ ხელყოფას.

ყველა ახალი ამბავი
0