თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს აღარ იკავებს, განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მერაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მას მერე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური ფიგურების დიდმა ნაწილმა პარტიის რიგები დატოვა, გასულ კვირას ყრილობა ჩატარდა, სადაც ნაწილობრივ აირჩიეს პოლიტიკური საბჭო, ასევე მისი თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. უცვლელი მხოლოდ ენმ–ის გენერალური მდივნის თანამდებობა დარჩა — ვანო მერაბიშვილის. თუმცა მაშინვე Facebook–ის მის გვერდზე გაჩნდა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გენერალური მდივნის არჩევის თანხმობა მას არ მიუცია.
„ვანო მერაბიშვილის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ის არ რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე. დღეს მისი პოზიცია ასეთია“, — განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება კითხვას, დარჩება თუ არა მერაბიშვილი პარტიაში, მელიამ უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებულ განცხადებებს ყოფილი პრემიერი თვითონ გააკეთებს მას მერე, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
მიმდინარე წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებული საჩივრის განხილვას დაიწყებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს შესაძლო დარღვევებს ეხება.
ამჟამად ვანო მერაბიშვილი სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული. საუბარია არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაზე, სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და გაფლანგვაზე, ასევე სანდრო გირგვლიანის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასა და სამხილების გაყალბებაზე.
ამას გარდა, სასამართლოში განსახილველად შეტანილია მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და ღვინის ქარხანა „აკურას“ საქმე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორ ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ მათგანს პარტიის „რუხ კარდინალად“ წოდებული გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობენ, მეორეს კი ახალაიების ოჯახის „კლანი“, სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლები.
დაპირისპირება პარტიაში სერიოზულ კონფლიქტში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პარტიის ხელმძღვანელობის ნაწილი სააკაშვილის 2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების სურვილის წინააღმდეგ წავიდა. სააკაშვილმა თავისი ყოფილი თანამებრძოლები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ სააკაშვილს განუცხადეს, რომ ის არ არის პარტიის ლიდერობის ღირსი და ის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემაა.