თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საქართველოში პოპულარული ვოკალური პროექტ X-Factor-ის მეოთხე სეზონისთვის მონაწილეთა ქასთინგი დაიწყო — შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალურ შემსრულებლებს, ისე 12 წლის ასაკიდან დებიუტანტებს.
„თუ თვლი, რომ შენ გაქვს Х-ფაქტორი და გსურს გამოავლინო იგი, გაეცნო უამრავ მაყურებელს და გახდე წლის Х-ფაქტორი, მაშინ მოდი კასტინგზე! ან გამოაგზავნე ვიდეო გვერდის შეტყობინებებში ან ფოსტაზე xfactorge@gmail.com“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
შესარჩევი ტურები უკვე გაიმართა კახეთში (თელავი, გურჯაანი), შიდა ქართლში (გორი) და სამცხე-ჯავახეთში (ბორჯომი). 26 თებერვალს ქასთინგი ჩატარდება ქუთაისში, 27 თბერვალს — ზუგდიდში, 28 თებერვალსა და 1 მარტს კი ბათუმში.
თბილისში შესარჩევი ტური 26 თებერვალს, 12:00 საათზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში (სანდრო ეულის 5ა) გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტი X-ფაქტორი ეთერში 2017 წლის აპრილში გავა. ჟიურის წევრების ვინაობა მოგვიანებით გასაჯაროვდება.
The X Factor - ტალანტების სატელევიზიო კონკურსების ფორმატია, რომლის ავტორიც ბრიტანელი პროდიუსერი საიმონ კოუელია. პროექტი პირველად ბრიტანულ ITV-ის არხზე 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა.
ბრიტანული პროექტის ქართულმა ანალოგმა სტარტი 2013 წლის 12 აპრილს აიღო, რომლის გამარჯვებულიც 27 წლის შემსრულებელი თორნიკე ყიფიანი გახდა. შარშანწინდელი სეზონის გამარჯვებული კი ბათუმელი, 19 წლის რიგითი ჯარისკაცი გიორგი ნაკაშიძე გახდა, ხოლო გასული წლის X-ფაქტორი - ბათუმის მკვიდრი ავთანდილ აბესლამიძე.