თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ანგელოსი, პოპულარული ნიდერლანდელი მოდელი დაუტცენ კრუსი საზოგადოებაში ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას (Tamuna Ingorokva) სამოსში გამოჩნდა.
ინგოროყვას შექმნილი თეთრი ტყავის კაბით დაუტცენ კრუსი სტილისტისა და დიზაინერის ბრენდონ მაქსველისა და ბრენდ Moncler-ის შოუზე გამოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
თამუნა ინგოროყვას კოსტიუმი წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკში, ტანსაცმლის მაღაზიაში Albright Fashion Library, სადაც ის Victoria's Secret-ის ანგელოსს მოეწონა. ამგვარად მოხვდა დაუტცენ კრუსის გარდერობში ქართველი დიზაინერის კაბა.
„ჩვენ ვათხოვეთ მას (დაუტცენ კრუსს) ეს კოსტიუმი. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემ მიერ შექმნილ სამოსზე რომ შეაჩერა ყურადღება მოდელმა“, — განუცხადა ინგოროყვამ Music Box-ს.
ბრენდი Tamuna Ingorokva 2002 წელს შეიქმნა. დიზაინერმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ხოლო მალევე მოდის პირველი სკოლა მსოფლიოში — ESMOD, რომელიც საფრანგეთში 1841 წელს დაარსდა. პარალელურად თამუნა სტილისტის სახით პრაქტიკას გადიოდა პარიზში Lagerfeld Gallery-ში.
თამუნა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დიზაინერია არა მხოლოდ ქართველი ცნობილი სახეების, არამედ უცხოელი სტუმრებისაც. მის კოლექციებში შესაძლებელია შეხვდეთ ყველა საჭიროების სამოსს — საღამოს კაბებს, კოსტიუმებს, რომელთა ჩაცმაც შესაძლებელია როგორც სამუშაოზე, ისე ყოველდღიურად.